"ქართული ოცნების" ყოფილმა თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა პირს, რომლის მოძიებული რუკებიც გახდა საფუძველი, რომ პროკურატურას დავით გარეჯის სადავო ტერიტორიების საკითხზე საქმე აღეძრა. საქმეს უკვე ჰყავს 2 ბრალდებული და გამოკითხულია არაერთი ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსანიც. საპროცესო მოქმედებები დღეს ისევ განახლდა. ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება გიორგი მანჯგალაძე, რომელიც სადემარკაციო კომისიას 2006-2007 წლებში ხელმძღვანელობდა. ის ამ საქმის ფარგლებში ერთხელ უკვე გამოიკითხა. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და სამთავრობო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე უკვე მივიდა, თუმცა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ საქმეზე ბრალდებული პირების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ადვოკატები. ისინი კვლავ დაკავებული პირების უდანაშაულობაზე საუბრობენ და საქმეში პოლიტიკურ ინტერესებს უსვამენ ხაზს:
"არცერთ ქართველს არ გაუკეთებია დავით გარეჯის შენარჩუნებისთვის იმდენი საქმე რაც გააკეთეს ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ," - აცხადებს ნატალია ილიჩოვას ადვოკატი გიორგი მახარაძე.
ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი კი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი განცხადებით სიგნალი მისცა საგამოძიებო და სასამართლო უწყებებს, რომ მათი ინტერესების შესაბამისად იმოქმედონ და საქმე ბოლომდე მიიყვანონ:
"პროკურატურას აქვს მნიშვნელოვანი პრობლემები ამ საქმეში და განმეორებით დაკითხვით ცდილობს რომ მოწმეებისგან ამოიღოს ის ინფორმაცია, რომელიც მათი მიზნებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, ბატონი ივანიშვილის გუშინდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა ის, რომ ეს საქმე არის მის პირად კონტროლზე. მისი გუშინდელი განცხადება ჩვენთვის იყო პირდაპირი სიგნალი, როგორც სასამართლოსთვის ასევე პროკურატურისთვის და სხვა უწყებებისთვის, რომ ეს საქმე მიიყვანონ ბოლომდე და აჩენს იმის განცდასაც რომ ამ საქმეზე განაჩენი გამოტანილია უკვე დიდი ხნით ადრე," - განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.
პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გასული წლის 7 ოქტომბერს დააკავა, სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენისას იმ რუკებს იყენებდნენ, რომელზეც საქართველოს საზღვრები აზერბაიჯანთან არასწორად არის დატანილი, მათ შორის, დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთთან, რაც საქართველოს ინტერესებისთვის დამაზიანებელი იყო.