პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის დაწყებამდე საქართველოში ბევრი ტექნიკური საკითხი მოუგვარებელია - პირველ რიგში კი ფხაკაძე ელექტრონული ბარათების საჭიროებაზე საუბრობს. როგორც მან "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური ელექტრონული ბარათი, სადაც თავმოყრილი იქნება სამედიცინო მონაცემები.
ფხაკაძის განცხადებით, პროექტის განხორციელება საქართველოში 10 წლის წინ დაიწყო და უკვე დასრულებულია, თუმცა ელექტრონულ ბარათებზე ქვეყანა ჯერ მაინც არ გადასულა.
"უნდა იყოს პოლიტიკური ნება, ან იყოს გამოცემული ბრძანება და ხვალიდან ყველა საავადმყოფოს დაევალოს, რომ ერთ თვეში დაიწყოს ელექტრონული ბარათების ხმარება, დატესტილია და მომზადებულია ყველაფერი.
სტომატოლოგიური კლინიკები უნდა გადასულიყვნენ პირველი იანვრიდან და მაქვს კითხვა, რატომ არ გადავიდნენ? პასუხი არ მაქვს, სამწუხაროდ, მილიონობით ფულია დახარჯული, მაგრამ არ გაკეთებულა,"- აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.