19 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
როცა შემთხვევების მაჩვენებელი ჩამოცდება 5%-ს შევძლებთ ვისაუბროთ ტრანსპორტის გახსნაზე - თამარ გაბუნია 

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია იმ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვას ეხმაურება, რომლებმაც ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს პირველი თებერვლიდან ტრანსპორტის გახსნაზე მიმართეს. 

როგორც თამარ გაბუნია აცხადებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმ რისკებს პირდაპირ ასახავს, რაც დღეს გვაქვს. 

"საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმ რისკებს პირდაპირ ასახავს, რაც ჩვენ საზოგადოებაში გვაქვს. როდესაც დავინახავთ, რომ შემთხვევების რაოდენობა იკლებს, დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდა 5%-ს, უკვე შეგვიძლია მაღალი საზოგადოებრივი აქტივობის საქმიანობების უსაფრთხო გახსნაზე ვისაუბროთ.

ჯერჯერობით, ამ პროცესის მიმდინარეობა არის კარგი, დადებითი ტენდენციები აღინიშნება. მომდევნო ორი კვირა კიდევ ერთხელ დაგვანახებს იმას, თუ რისი საშუალება გვაქვს პირველ თებერვალს," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამირან გამყრელიძე კი აცხადებს, რომ ტრანსპორტის გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც თვის ბოლოს ეპიდსიტუაცია შეფასდება. 

"საბედნიეროდ, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის პროცესი სტაბილიზაციისკენ მიდის თითქმის ერთი თვეა. ამიტომ, უნდა დაველოდოთ თვის ბოლომდე რა მოხდება და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება. რაღაც შემსუბუქებები აუცილებელია და იქნება კიდეც,"- აღნიშნავს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე. 

7 არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართვას ავრცელებს. ადრესატები კი ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობის წარმომადგენლები არიან.

წერილის ხელმომწერი ორგანიზაციები ითხოვენ, რომ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა პირველი თებერვლიდან განახლდეს. 

დღის ამბები