დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ვაქცინაციის გეგმა უკვე დასრულდა, თუმცა მომდევნო კვირას გეგმის ფორმალიზაცია უნდა მოხდეს. თამარ გაბუნიას განმარტებით, ყველა ის ვაქცინა, რომელსაც ჯანმო-ს აღიარება ექნება, განხილულია ვაქცინაციის გეგმის შესაბამისად.
"გეგმა როგორც ცნობილია დასრულდა, განხილულ იქნა საკოორდინაციო საბჭოზე, ვაქცინაციის კომიტეტზე პარასკევს დაზუსტდება გარკვეული დეტალები იმისთვის, რომ საბოლოო სახით უკვე მოხდეს გეგმის ფორმალიზაცია მომდევნო კვირაში. განიხილება, გეგმის თანახმად, სამიზნე ჯგუფები, პრიორიტეტული ჯგუფები და ასევე ყველა ის ვაქცინა, რომლის მოზიდვაც და გამოყენებაც მოხდება ქვეყანაში. ასეთი ვაქცინა იქნება რამდენიმე. ყველა ის ვაქცინა, რომელსაც ექნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება, იქნება უსაფრთხო და ხარისხიანი, განხილულია, ამ გეგმის შესაბამისად," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ვაქცინაციის გეგმაში გათვალისწინებულია როგორც -80 გრადუსიანი ვაქცინაც, ასევე -20 გრადუსიანიც.
"გეგმა მოიცავს როგორც ადგილზე როგორ და რანაირად უნდა მოხდეს, ყველანაირი გათვლები და შესაბამისად არის იმის და მიხედვით რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში. ანუ აქ არის -80-იანი ვაქცინაც გათვალისწინებული ცალკე გეგმაში, ასევე -20 გრადუსიანი ვაქცინა, ჩვეულებრივი ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინა, ანუ გეგმა მოიცავს ყველა შესაძლებლობას, რაც კი შეიძლება იყოს ვაქცინაციასთან დაკავშირებით," - აცხადებს პაატა იმნაძე.
ვაქცინაციის სამოქმედო გეგმის საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გეგმა და ინფორმაცია იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება.