გელათის სამონასტრო კომპლექსის დროებითი გადახურვის დაზიანებული ნაწილები შეაკეთეს - ადგილზე სამუშაო ისევ იმ კომპანიამ შეასრულა, რომელიც 2 დღის წინ, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო დაჯარიმდა და კონტრაქტი შეუწყდა.
დღეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისში ჩავიდა ახალი კომპანია, რომელმაც გელათის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები გადაიბარა.
"ევროპა ჩვენი სახლია" პროცესში საერთაშორისო ექსპერტიზის ჩართვას ითხოვს.
"სამწუხაროდ არ გვაქვს არანაირი გარანტია ხარისხთან დაკავშირებით, რამდენადაც სამუშაოები იმ სტრატეგიით ტარდებოდა, რა სტრატეგიითაც იყო გადახურული ამ ეტაპამდე შენობის ყველა მონაკვეთი. ამოცანა დღეიდან, როდესაც გარკვეულწილად ლოკალიზებულია ბოლო დღეებში გაჩენილი პრობლემა, იქნება მთელი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის, რომ მოვითხოვოთ პროცესში საერთაშორისო ექსპერტიზის ჩართულობა,"- აცხადებს "ევროპა ჩვენი სახლია"-ს წევრი თორნიკე ბარათშვილი.
კომპანია "ბაგინეთი პლიუსის" წარმომადგენელი ძველ ხარვეზებზე პასუხისმგებლობას არ იღებს და ჩასატარებელ სამუშაოებზე საუბრობს.
"ხარვეზი სად იყო დაშვებული აქამდე ვერ გეტყვით. გეტყვით ჩვენმა კომპანიამ რა უნდა გააკეთოს. ეს არის დროებითი გადახურვის შემოწმება და ინსპექტირება, საჭიროების შემთხვევაში გამაგრება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, თუ ამის საჭიროება იქნება. დროებით გადახურვაზე მოწყობილი წყლის არიდების სისტემის გამოსწორება, იმიტომ რომ დროებით გადახურვაზე, რაღაც ნაწილებში არის ხარვეზები," - აცხადებს კომპანია "ბაგინეთი პლიუსის" წარმომადგენელი არჩილ ყიფიანი.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილის თქმით ტარდება შესაბამისი სამუშაოები, რათა გელათის ღვთისმშობლის ტაძარი მთლიანად იყოს დაცული ნალექისგან.
"იძულებული გავხდით, რომ წინა კალთაზე მთლიანად ხელახლა გაგვეკეთებინა დროებითი გადახურვა, სამუშაოები გუშინ დასრულდა, ასევე პარლამენტის რეკომენდაციით ჩვენ ვაკეთებთ ეკვტერის თავების გადახურვას, რომელიც კედლის პირამდე მივიდეს თუნუქი. ეს ქმედებები ხორციელდება იმისთვის, რომ გელათის ღვთისმშობლის ტაძარი მთლიანად იყოს დაცული ნალექისგან,"- აცხადებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი.