26 აპრილი 2024,   06:32
ვრცლად
"ქვეყანა პუტინის გარეშე, თავისუფლება ნავალნის" - რუსეთის 93 ქალაქში გამართულ მშვიდობიან აქციებზე 1338-მდე მომიტინგე დააკავეს 

მშვიდობიანი საპროტესტო აქციები რუსეთში და 1338-მდე დაკავებული მომიტინგე - რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით 93 ქალაქში მოსახლეობა ქუჩაში გავიდა. 

"რუსეთი პუტინის გარეშე, თავისუფლება ალექსეი ნავალნის" - სწორედ ამ შეძახილებით მიმდინარეობს საპროტესტო აქციები რუსეთის ქალაქებში. მედიის ინფორმაციით, სპეცრაზმი მშვიდობიანი მოქალაქეების დაშლას ძალის გამოყენებით ცდილობს. აქციაზე დააკავეს კრემლის კრიტიკოსის მეუღლე იულია ნავალნაია. მედიისთვის ინტერვიუს მიცემის დროს სპეცრაზმმა დააპატიმრა "კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" თანამაშრომელი ლიუბოვ სობოლიც.

რუსეთის სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებმა ჟურნალისტებიც დააკავეს. არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ კორესპონდენტები სამუშაო პროცესის დროს დააპატიმრეს.

მედიის ინფორმაციით, მხოლოდ მოსკოვში ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე 40 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, რაც ბოლო წლებში გამართულ მიტინგებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აქციაა, რომელიც რუსეთის დედაქალაქში იმართება. 

ნავალნის მხარდამჭერი და პუტინის საწინააღმდეგო აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მსგავსად საქართველოშიც გაიმართა. მოქალაქეები თბილისსა და ბათუმში შეიკრიბნენ და თქვეს, რომ ისინი არ ეგუებიან ვლადიმერ პუტინის ერთპიროვნულ არადემოკრატიულ მმართველობას.

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს დაბრუნდა რუსეთში გერმანიიდან, სადაც ის ხუთი თვის განმავლობაში სამხედრო ნერვულ-პარალიტიკური შხამით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.

ავტორი: ლიკა ალელიშვილი

დღის ამბები