დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ყოფილი სახელმწიფო მოხელე. ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბორჯომის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი და კიდევ ერთი პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, მოქალაქე სახელმწიფო მოხელეს დაუკავშირდა და მოსთხოვა დახმარებოდა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში. სანაცვლოდ ქრთამი შესთავაზა.
ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, საქმეზე გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ვერ მოახერხეს მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია და მხილებულ იქნენ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.