17 ნოემბერი 2024,   12:14
ვრცლად
სახალხო დამცველმა ივერი მელაშვილის ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლების დარღვევა დაადგინა - ომბუდსმენის აპარატი

სახალხო დამცველი მიესალმება ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის გადაწყვეტილებას და იმედოვნებს, რომ ისინი სრულად ისარგებლებენ დაცვის უფლებით სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას. ამის შესახებ განცხადებას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

აპარატის ცნობით, საქართველოს სახალხო დამცველი აგრძელებს ბრალდების საქმის მასალების შესწავლას და ბრალდებული პირების საპროცესო უფლებების დაცვის ზედამხედველობას.

"აღნიშნულის ფარგლებში, სახალხო დამცველმა ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლების დარღვევა დაადგინა და 2021 წლის 28 იანვარს იუსტიციის მინისტრს N8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წინადადებით მიმართა.

სახალხო დამცველის რწმუნებულთა მიერ შედგენილი ოქმებით, N8 დაწესებულებიდან მოპოვებული დოკუმენტაციისა და სხვა მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2020 წლის 30 დეკემბერს ივერი მელაშვილი შეხვდა ადვოკატს, რომელთანაც განიხილავდა დაცვის სტრატეგიის საკითხებს. მან ადვოკატის მიწოდებულ რუკებზე გააკეთა კომენტარები მინაწერის სახით და ითხოვა მასალების ადვოკატისთვის გადაცემა. ადვოკატისთვის დოკუმენტაციის გადაცემის ნაცვლად, დაწესებულების თანამშრომლები შინაარსობრივად გაეცნენ კომენტარებს და მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზეს ადვოკატს რუკების ჩაბარება.

როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკით, ასევე საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით, ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაცია დაცვის უფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების ქვაკუთხედია. კანონმდებლობა ადვოკატისთვის გადასაცემი დოკუმენტაციის შინაარსობრივ გაცნობას მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ პრივილეგიით სარგებლობა ბოროტად, დანაშაულებრივი მიზნით, ან ციხის რეჟიმის საზიანოდ ხდება. მოცემულ შემთხვევაში, მსგავსი ვარაუდის რაიმე საფუძველი არ არსებობდა და შესაბამისად, დაწესებულება ივერი მელაშვილის ჩანაწერებს შინაარსობრივად არ უნდა გაცნობოდა.

შესაბამისად, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულებამ დაარღვია ივერი მელაშვილის კანონმდებლობით დაცული უფლება ადვოკატთან კონფიდენციალურ კომუნიკაციაზე და აღნიშნული ქმედების განმახორციელებელ პირთა დისციპლინური წესით პასუხისმგებლობა მოითხოვა," - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. მათ 20-20 000 ლარის გადახდა დაეკისრათ.

 
დღის ამბები