13 ნოემბერი 2026,   23:09
ვრცლად
სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ევროპას ევროკავშირის ინსტიტუტები და გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია და პოლონეთი წარმოადგენენ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ევროპას ევროკავშირის ინსტიტუტები და E5-ის ქვეყნები - გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია და პოლონეთი წარმოადგენენ. მან ამის შესახებ დუბლინში, ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კოშტას განცხადებით, ევროკავშირის პოზიცია ნათელია: ევროპის უსაფრთხოება უკრაინის უსაფრთხოებით იწყება.

მისივე თქმით, ევროკავშირი მიესალმება ყველა დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანს.

"ჩვენ ამ პროცესს ყოველმხრივ ვუჭერთ მხარს და ვიმედოვნებთ, რომ ის კონკრეტულ შედეგს გამოიღებს. დღეს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ევროპის გუნდს ევროკავშირის ინსტიტუტები და E5-ის ქვეყნები წარმოადგენენ (გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია და პოლონეთი)", – აღნიშნა კოშტამ.

როგორც მან თქვა, მოლაპარაკებებში ევროკავშირის პრინციპები და პოზიციები კარგად არის ცნობილი, ევროპული გუნდი კი ერთიანობასა და მჭიდრო კოორდინაციას შეინარჩუნებს.

"ევროპა უნდა საუბრობდეს ერთი მკაფიო და ერთიანი ხმით ყველა იმ დისკუსიაში, რომელიც უკრაინის მომავალს და ჩვენს უსაფრთხოებას განსაზღვრავს," – განმარტა კოშტამ.

 

დღის ამბები