აქცია ბათუმში - ე.წ. სალიბაურის დასახლებაში ყოფილი ჩაის ფაბრიკის შენობაში თვითნებურად შესახლებული ოჯახები დახმარებას ითხოვენ, მათი განცხადებით, შენობა ამორტიზებულია და ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევთ.
ადგილობრივების თქმით, წვიმის დროს საცხოვრებელ ოთახებში წყალი ჩასდით, ასევე აქვთ ელექტროენერგიისა და წყლის პრობლემა.
ამბობენ, რომ ხელისუფლებისგან პრობლემის მოგვარების შესახებ დაპირება არაერთხელ მიიღეს, თუმცა ამ დრომდე არავინ მისულა.
ისინი ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ან სპეციალური კომისიის მიერ საკითხის დროულ შესწავლას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აჭარის მთავრობის სახლთან აქციებს აანონსებენ.
ყოფილი ჩაის ფაბრიკის შენობაში 60-მდე ოჯახი ცხოვრობს, შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ბალანსზეა. უწყებაში დღეს წერილობით განმარტეს, რომ თუ იქნება თვითნებურად შეჭრილი მოქალაქეების მხრიდან საკუთრებაში დარეგისტრირების მოთხოვნა და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი ,სამინისტროში არსებული კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს.