19 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
1 თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები იხსნება, ხუთ ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას აღადგენს

ხვალიდან ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი იხსნება - 1 თებერვლიდან გაიხსნება სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები. ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუშაობას იწყებს მუნიციპალური ტრანსპორტი და სკოლები. აჭარაში დაშვებული იქნება კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება.

"Retail Group Georgia-ს" დირექტორი რეზო მაღალაშვილის განცხადებით, მუშაობა განახლდება 10 საათიდან 19 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა. მისივე განცხადებით, მაღაზიებში 10 კვ.მეტრზე ერთი მომხმარებელი დაიშვება, მოხდება რიგებისა და დისტანციის დაცვა.

"ვიმუშავებთ 10-დან 7-მდე, შაბათ-კვირის გარდა. ჩვენი სურვილი იყო შაბათ-კვირას მუშაობა, თუმცა არ დაკმაყოფილდა. იმედი გვაქვს, რომ ეპიდსიტუაციის ყოველკვირეული გადახედვის შედეგად, ამის საშუალება მალე მოგვეცემა. მოხდა სავალდებულო ტესტირება. არც ერთი კოვიდინფიცირებული არ გვყავს არც ჩვენ და არც ჩვენს კოლეგა სხვა რითეილერებს. ადრე თუ 20 კვადრატულზე 1 ადამიანს ვუშვებდით, ახლა 10 კვადრატულზე ერთს დავუშვებთ, რაც ნიშნავს, რომ ორჯერ მეტი ადამიანის გატარება შეგვიძლია და ის რიგები, რომელიც დეკემბერში შეიქმნა, ახლა აღარ იქნება. მოხდება რიგების მართვა დისტანციის დაცვით და კონკრეტულ კვადრატულობაზე დაშვებულზე მეტი არ დაიშვება," - აცხადებს რეზო მაღალაშვილი.

თბილისის, ქუთაისის და რუსთავის გარდა, სხვა ქალაქებშიც აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა შაბათ-კვირის გარდა, კვირაში 5 დღე იმუშავებს.

"რაც შეეხება ღია სავაჭრო დაწესებულებებს, რომელთა მუშაობაც შეზღუდული იყო ადრე, 15 თებერვლიდან გაიხსნება," - განაცხადა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შიოშვილმა.

დღის ამბები