ხვალიდან ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი იხსნება. 1 თებერვლიდან გაიხსნება სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები. ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუშაობას იწყებს მუნიციპალური ტრანსპორტი და სკოლები.
რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ აჭარაში მუშაობას იწყებენ რესტორნები და კაფე-ბარები. დაშვებული იქნება კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება.
აჭარის სარესტორნო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ობიექტების გახსნა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ ღია სივრცეების ამუშავება კრიზისის დასაძლევად საკმარისი არ იქნება. კვების ობიექტების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი მუშაობას რეგულაციების დაცვით დაიწყებენ.
აჭარაში შეზღუდვები იხსნება ტრანსპორტის მხრივაც. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი ემზარ ქავჟარაძე ამბობს, რომ მოძრაობას იწყებენ, როგორც მუნიციპალური ავტობუსები, ასევე, სამარშუტო ტაქსები. ავტობუსებისთვის მუშაობის განრიგი იქნება 07:00-21:00, ხოლო სამარშუტო ტაქსები 08:00-20:00.
"ყოველდღიურად, სამუშაოზე გასვლის წინ, თითოეულ მძღოლს ჩაუტარდება თერმოსკრინინგი. ყველა ავტობუსი აღჭურვილია სპეციალური დისპენსერით, რომელშიც არის სადეზინფექციო ხსნარები. ხოლო ახალი ელექტრო ავტობუსები აღჭურვილია სპეციალური თერმოსკრინინგის მოწყობილობით," - განაცხადა ემზარ ქავჟარაძემ.