04 სექტემბერი 2026,   13:19
ვრცლად
უკანონო დაკავებები მიზნად ისახავს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დაძაბულობისა და საპროტესტო მუხტის გაღვივებას - სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის როკის გვირაბის მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

უწყება 21 წლის ერიკ დრულევის დაკავებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს. 

"საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აზიანებს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არსებულ უსაფრთხოების გარემოს. უკანონო დაკავებები მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დაძაბულობისა და საპროტესტო მუხტის გაღვივებას.

უკანონო დაკავებებსა და მის თანმდევ მძიმე შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ერთადერთ ძალას," - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

დღის ამბები