05 სექტემბერი 2026,   15:17
ვრცლად
შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს ერთ-ერთი ბრალდებული დაიკითხება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება. სხდომა ერთი საათია მიმდინარეობს.

დღეს უნდა გამოიკითხონ ერთ-ერთი ბრალდებული ნიკა რევაზიშვილი და მისი ოჯახის წევრები.

ნიკოლოზ რევაზიშვილის ძმა აცხადებს, რომ სასამართლოში სიმართლის დასადგენად იბრძოლებს.

"პირველ რიგში ვისაუბრებ გუგლის გადაადგილების შესახებ, რომელიც პროკურატურამ და გამომძიებლებმა წაშალეს და ამის შემდეგ შეთხზეს რაღაც ვერსია. ეს მათ არ გამოუვათ და ამას კიდევ ერთხელ დავამტკიცებ სასამართლოში,"-აღნიშნა ვახო რევაზიშვილმა.

ზ.ხ -ს ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ  ბრალდებული სასამართლოს გულწრფელ ჩვენებას მისცემს.

"ის სასამართლოს მიაწვდის იმ რეალობას, რაც 19 ივნისს მოხდა, ასევე ისაუბრებს, თუ რატომ ჩავიდა მცხეთაში, რა ფუნქცია ჰქონდა, როცა არასრულწლოვნებს და სხვა ბრალდებულებს გაყვა. სასამართლოში ასევე დაიკითხებიან მისი ოჯახის წევრები შემდეგ დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რა ხდებოდა, რა საუბრები იყო და ა. შ. ასევე ნიკოლოზ რევაზიშვილი ისაუბრებს გამოძიების მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე, კერძოდ კი, მათ ტელეფონიდან წაშალეს მისი გადაადგილების ტრაექტორია",- განაცხადა გიორგი გელხაურმა.

პროკურორი დავით ყაზარაშვილი აცხადებს, რომ სასამართლო ბრალდებულების სიცრუეში დარწმუნდება.

"არც ნიკა რევაზიშვილი და არც დანარჩენი ბრალდებულებისგან არ არის იმის მოლოდინი, რომ სიმართლეს იტყვიან პროცესზე. ეს მათი ე.წ სიმართლეც სასამართლოში ბოლომდე ვერ მიაქვთ. კითხვების დასმის შემდეგ ეს ადამიანები ირევიან. სასამართლო ამ ადამიანების სიცრუეში დარწმუნდება,"-აღნიშნა პროკურორმა.

დღის ამბები