ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც, შესაძლოა, საქართველოს შეექმნას კორონავირუსის ვაქცინის მიღების კუთხით.
მისი თქმით, საქართველოსთვის პრობლემურია, რომ მას ურთიერთობა აქვს მხოლოდ კოვაქს პლატფორმასთან, რომელსაც თავის მხრივ, პრობლემები შეექმნა და არ ურთიერთობს სხვადასხვა კომპანიასთან თუ ქვეყანასთან.
"პრობლემური მომენტი საქართველოსთვის ის არის, რომ, ამ ჯერზე, საქართველოს მხოლოდ კოვაქს პლატფორმასთან აქვს ურთიერთობა და რადგან, თავის მხრივ, კოვაქსსაც შეექმნა პრობლემა და არ აქვს დიდი რაოდენობით ვაქცინა, ამიტომ, ეს პრობლემა საქართველოსაც ეხება. საქართველოს პრობლემა იმ კუთხითაც იზრდება, რომ მას არ აქვს სხვა ფირმებთან და ქვეყნებთან მოლაპარაკებები იმისთვის, რომ თუ ასეთი პრობლემა იქნება, როგორმე გამოძვრეს.
წარმოების შემცირება, გარკვეულ პრობლემებს, ცხადია, შექმნის საქართველოსთვისაც, რადგან ფიზიკურად ვერ ასწრებენ მწარმოებლები. ძალიან დიდი მსჯელობა მიდის ევროკავშირში, როგორ გააუმჯობესონ ეს წარმოება. ევროკავშირმა დაიწყო ფიქრი იმაზე, ხომ არ დაამტკიცოს ჩინური ან რუსული ვაქცინა, რადგან ნაკლებობაა ვაქცინების.
რაც შეეხება რუსულ და ჩინურ ვაქცინებს - მიუხედავად იმისა, რომ ეს ვაქცინები რაღაც შედეგებს დებს, ეს შედეგები მოდის მხოლოდ იმ კვლევებიდან, რომელიც ჩატარდა რუსეთში და ჩინეთში, თან, არ არის ნათელი, ეს კვლევები როგორ ჩატარდა. ინფორმაციის ნაკლებობა, რომელიც ამ ორი ქვეყნიდან მოდის, ეჭვს ბადებს. ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად, უნგრეთმა, რუსული ვაქცინის გამოყენება გადაწყვიტა, მაგრამ პირადად მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ ამ ორი ვაქცინის გამოყენებას,"-განაცხადა მან.