ორშაბათიდან, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგება.
დღეს ცნობილი გახდა, რომ მე-5-დან მე-12 კლასის ჩათვლით პირბადის ტარება მოსწავლეებისთვის სავალდებულო ხდება.
იმ ფონზე, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინის შემოტანა უკვე მიმდინარე თვის ბოლოდან დაიწყება, ეპიდემიოლოგებმა უნდა მოახერხონ საზოგადოების დარწმუნება, რომ ვაქცინის გაკეთება უსაფრთხო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, წინასწარი კვლევებით, ვაქცინაციის მიმართ დადებითად საზოგადოების მხოლოდ 40%-ია განწყობილი. თვის ბოლოდან უწყება საინფორმაციო კამპანიის გააქტიურებას გეგმავს.
ვაქცინაციის დაწყებამდე და მის შემდეგაც სპეციალისტები საზოგადოებას შეახსენებენ, რომ მთავარი რეკომენდაციების გათვალისწინება, განსაკუთრებით კი, პირბადის ტარება ვირუსის წინააღმდეგ უცვლელი იარაღია. ამასთან, რეგულაციების შემდგომი შემსუბუქება და ეკონომიკის გახსნა ინფიცირების დაბალი მაჩვენებლების შენარჩუნებაზე იქნება დამოკიდებული.