ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე დღეს სასამართლო იმსჯელებს. ეს არის პირველი სხდომა მას შემდეგ, რაც ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.
წინასასამართლო სხდომაზე განიხილავენ მტკიცებულებებს, რომელიც საქმეში დევს. მოსამართლე განსაზღვრავს, მოპოვებული მასალიდან, რისი გათვალისწინება ღირს სისხლის სამართლის საქმის განხილვის პროცესში, ჭეშმარიტების დასადგენად.
"ჩვენი შუამდგომლობები არის დასაბუთებული და მოლოდინი, დასაბუთებულ შუამდგომლობაზე ერთადერთი შეიძლება გვქონდეს, რომ დაკმაყოფილდეს. თუ სხვა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სასამართლოს მხრიდან, ამაზე უკვე შემდგომ ვისაუბრებთ. ჯერ მოსამართლემ უნდა მოისმინოს არგუმენტები და მიიღოს გადაწყვეტილება," - აცხადებს ნატალია ილიჩოვას ადვოკატი გიორგი მახარაძე.
ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილს დღევანდელი სასამართლო სხდომისგან ბრალდების მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის მოლოდინი აქვს.
"არგუმენტები იმდენად ცხადია, სასამართლოს უნდა გაუჭირდეს სხვა გადაწყვეტილების მიღება გარდა იმისა, რომ დაუშვებლად ცნოს ბრალდების მტკიცებულებები. ერთადერთი მოთხოვნა აქვს ბრალდებას, დაუშვებლად იყოს მიჩნეული ჩვენს მიერ, საზღვარგარეთ უცხოელ ექსპერტთან დანიშნული ექსპერტიზის მიმართვა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები. ჩვენ ვთვლით, რომ ბრალდების მხარე ამ დოკუმენტების დაუშვებლობას ითხოვს იმიტომ, რომ მათ არ სურთ მეტი კვალიფიციური ექსპერტის მოსაზრება იყოს საქმეში წარმოდგენილი,"- აცხადებს ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი.
ქვეყნის საზიანოდ ტერიტორიების შეთანხმებული საქმეზე დაკავებულები სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან 28 იანვარს 20 000-20 000 - ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.