გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ამირან გულუაშვილი განმარტავს, რომ სხვა პირის სასარგებლოდ გირაოს თანხის შესატანად პირმა უნდა იცოდეს ანგარიშის ნომერი და იმ პირის ვინაობა, რომლის სასარგებლოდაც სურს გირაოს გადახდა.
ამირან გულუაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ტრანზაქციის განსახორციელებლად უნიკალური კოდი სავალდებულო რეკვიზიტი არ არის.
"ამ დღეების განმავლობაში, არის გარკვეულწილად გაურკვევლობა ამ გირაოს ანგარიშთან დაკავშირებით.
ძალიან მარტივად გეტყვით, ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი ბანკიდან იმ პირობებში, თუ მას ეცოდინება კონკრეტული ანგარიშის ნომერი, შეუძლია აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ნებისმიერი პირის გირაოს თანხა ჩარიცხოს ბანკში, შეტანით, ონლაინგადარიცხვით, მობაილბანკინგის, თუ ინტერნეტბანკინგის გამოყენებით.
უნიკალური კოდი, რომელზედაც ამ დღეების განმავლობაში საუბრობენ, არ არის სავალდებულო რეკვიზიტი იმისათვის, რომ განხორციელდეს ეს ტრანზაქცია.
იმისათვის, რომ თქვენ სხვა პირის სასარგებლოდ მოახდინოთ კონკრეტული გირაოს თანხის შეტანა აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე, თქვენ უნდა იცოდეთ ანგარიშის ნომერი და იმ პირის სახელი და გვარი, რომლის სასარგებლოდაც გინდათ გირაოს გადახდა. ანგარიში არის ყველასთვის საერთო, ეს არის ერთი ანგარიში ყველა ბრალდებულთან მიმართებით, ცალ-ცალკე ანგარიშების გახსნას, აღსრულების ეროვნული ბიურო არ აწარმოებს," - განაცხადა "დღის კურიერში" ამირან გულუაშვილმა.