ვაქცინის შემოტანა და ვაქცინაციის პროცესის დაწყება ქვეყანაში - ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე.
დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ვაქცინა ქვეყანაში თებერვლის მეორე ნახევარში შემოვა და ვაქცინაციის პროცესი უკვე თვის ბოლოს დაიწყება. "კოვაქს პლატფორმისგან" პირველ ეტაპზე საქართველო 300 000 დოზას მიიღებს, რომლითაც დაახლოებით, 15 000 მედიკოსს აცრიან.
თუმცა, თამარ გაბუნიას განმარტებით, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები პლატფორმის გარდა ევროპის სხვდასხვა ქვეყანასთან იმისთვის, რომ დამატებითი დოზების შემოტანა მოხდეს ქვეყანაში.
"სოლიდარობისა და თანაბარი განაწილების პრინციპის მიზნებიდან გამომდინარე შეიქმნა სწორედ "კოვაქსის" პლატფორმა. ჩვენთვის მთავარი მექანიზმი არის "კოვაქსის" პლატფორმა, თუმცა ამის პარალელურად არის კიდევ ორი მექანიზმი, რაც გვინდა, რომ გამოვიყენოთ. ერთი - ეს გახლავთ ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობა იმგვარად, რომ მათ ის შესყიდული ჭარბი დოზა, რომლებიც შესაძლოა ამ ეტაპზე არ იყოს მათთვის აუცილებელი, გადმოგვცენ, შეიძლება იყოს შესყიდვის, ან დონაციის სახით.
ასევე, რა თქმა უნდა ძალაში რჩება ბილატერალური მოლაპარაკება.
"კოვაქსი" არის მხოლოდ 1.5 მლნ დოზაზე, ანუ 1 400 000 დოზაა დაახლოებით, რომელიც ჩვენ "კოვაქსიდან" გვეკუთვნის. დანარჩენი 2 500 000 უნდა მოვიძიოთ სხვა მექანიზმებით," - აცხადებს თამარ გაბუნია.