ქობულეთში დატრიალებული ტრაგედია - გამოძიება 76 წლის მამაკაცს წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ მუქარას და ძალადობას ედავება.
გოგონას დედა, ბაბუასთან ერთად, ბიძების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც მოითხოვს, რომლებიც მისი თქმით, 14 წლის მოზარდზე ბაბუასთან ერთად ძალადობდნენ.
"14 წელი ვიყავი მაგათი რძალი, მე თვითონ ვიყავი ძალადობის მსხვერპლი. ძალიან გამიხარდა მისი დაჭერა. ის რომ ცოცხალი ყოფილიყო და მაშინ დაეკავებინათ, უფრო კარგი იქნებოდა და ჩემი შვილი ცოცხალი იქნებოდა. ჩემი შვილის გადმოცემით ვიცი, რომ ბაბუა მასზე ძალადობდა,"- ამბობს გარდაცვლილი მოზარდის დედა მერი რომანაძე.
ბაბუის დანაშაულში გოგონას ბიძაც (დედის ძმა) დარწმუნებულია. მისი თქმით, მამაკაცმა საკუთარი შვილიშვილი მოიშორა.
"მთელმა მსოფლიომ იცის, რომ უზრდელი, უნამუსო, უცხვირპირო კაცია. ახლა დამტკიცდა ყველაფერი. ჩემმა დამ მითხრა, ძალადობდაო. რომ დათვრებოდა ყველაზე ძალადობდა. მარტო ყოფნა უნდოდა და ბავშვები მოიშორა, 23 წლის ბიჭის დაკავებიდან წამოვიდა ეს თემა, სჯიდა ბავშვს, ასე რატომ გააკეთეო,"- უთხრა "კურიერს" გარდაცვლილი მოზარდის დედის ძმამ მამუკა რომანაძემ.
არასრუწლოვანი სოფელ ქაქუთში ორი დღის წინ დაკრძალეს. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით საკუთარი სახლის ეზოში დაასრულა. გოგონა ოჯახის წევრებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა და ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა გარდაცვლილის დედას, რომელიც სამუშაოდ თურქეთში იმყოფებოდა. ის საქართველოში ტრაგედიის შემდეგ დაბრუნდა.