17 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
ხმაური მცხეთაში - ოპოზიცია 5 საჯარო სკოლის დირექტორების გათავისუფლებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს

მცხეთის მერიასთან და მისაქციელში ოპოზიციის წევრებმა და აქტივისტებმა განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რის მიხედვითაც 5 საჯარო სკოლის დირექტორებმა თანამდებობები დატოვეს. აქციის მონაწილეების შეფასებით, პროცესი პოლიტიკურად არის მოტივირებული. 

"ნებისმიერი პროფესიის ადამიანს ამ ქვეყანაში ჰყავს და ეყოლება დამცველები. რწმუნებულები და მერები მათ უფლებას ვერ შელახავენ. ია კერზაიას შემდეგ, როდესაც ხელისუფლება ბედავს ასეთ თავხედობას და წირავს დირექტორებს პოლიტიკური ნიშნით, ჩვენი საზოგადოების სისუსტეა, არ უნდა დავუშვათ და მუდმივად წნეხში უნდა გვყავდეს," - აცხადებს ელენე ხოშტარია.

"გვინდოდა, შევსულიყავით მერიაში, დავლაპარაკებოდით მუნიციპალიტეტის მერს იმ დევნაზე, რომელიც დირექტორების წინაღმდეგ ხორციელდებოდა, მაგრამ მერი შეშინებულია, დაგვახვედრა აქ პოლიცია. გვითხრეს, რომ აქ არცერთი ადამიანი არ იმყოფება სამუშაო დღეს, სამუშაო საათებში, რომელიც გაგვცემდა პასუხს ამ სამარცხვინო შევიწროებაზე, სკოლის მასწავლებლების და დირექტორების დევნაზე," - აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე.

მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ დირექტორებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული 6 წლიანი ვადა დაუმთავრდათ და მათ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ.

"გათავისუფლება ადეკვატური დეფინიცია არ არის. დირექტორებს ეწურებათ ხელშეკრულების ვადა, შესაბამისად, ეს ხალხი არის სერტიფიცირებული და როგორც ყველა სხვა მსურველს, სრულუფლებიანად შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა სამომავლოდ დაგეგმილ კონკურსებში,"-აცხადებს მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბექა იორდანიშვილი.

ავტორი: ლიკა ალელიშვილი

დღის ამბები