გარდაცვლილი 14 წლის გოგოს საქმეზე ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები გრძელდება. გამომძიებლების კითხვებს დღეს მთელი დღის განმავლობაში პასუხობდნენ მოზარდის ახლობლები.
გამოკითხვების პარალელურად კი ბრალი წარუდგინეს გარდაცვლილი გოგოს ბაბუას. პროკურატურის მტკიცებით, სულიკო ცეცხლაძემ შვილიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობა აღიარა.
სულიკო ცეცხლაძის აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს, მანამდე ცეცხლაძის ახლობლები მის ბრალეულობას საქმეში გამორიცხავენ, ამბობენ, რომ გარდაცვლილს ბაბუასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. განსხვავებულ შედეგს იძლევა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც "კურიერმა" ექსკლუზიურად ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ მოიპოვა.
საქმეში სხვა პირების დაკავებას ელოდება გარდაცვლილი გოგონას დედა, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მის შვილზე ბაბუა და მისი ძმები როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ.
კონკრეტულად რამ გამოიწვია მოზარდის თვითმკვლელობა, ამას გამოძიება დაადგენს, თუმცა, მანამდე გოგონას გარდაცვალების საქმეს აქტიურად ადევნებს თვალს არასამთავრობო სექტორი. ორგანიზაციებმა დღეს საერთო განცხადებაც გაავრცელეს და მოითხოვეს მიმდინარე გამოძიების კვალიფიკაციის ცვლილება. სრულყოფილი გამოძიების მოლოდინშია საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფიც.
14 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება გრძელდება, არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულ პირთა წრე გაიზარდოს. საქმეს უკვე ჰყავს 2 დაკავებული, გარდაცვლილის ბაბუა და 23 წლის მამაკაცი, რომელსაც გამოძიება 16 წლამდე პირის მიმართ სქესობრივ კავშირს ედავება.