თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სამშენებლო მიმართულებით ამნისტიის კანონპროექტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა რომ საკანონმდებლო პაკეტში შემუშავებული და შეჯერებულია ყველა პრინციპი, რომელმაც სამშენებლო სფეროს მოწესრიგებას უნდა შეუწყოს ხელი:
ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე. თუ დარღვეულია K1, K2,K3 პარამეტრი, ექსტერიერი ან ინტერიერი, მიჯრის ზონა, განაშენიანების ხაზები, განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები, ფუნქციური ზონა,ავტოსადგომის რაოდენობა ან პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, თუმცა მათი უსაფრთხოება დადასტურებულია აკრედიტირებული ექსპერტის მიერ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დარღვევა ჩაითვლება საპატიოდ და ჩამოიწერება დარღვევებიდან გამომდინარე დაკისრებული ყველანაირი ჯარიმები," - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, სამომავლოდ მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, კანონპროექტში შეტანილია პრევენციული ღონისძიებებიც:
"მომავალში ამგვარი დარღვევების თავიდან არიდების მიზნით, შემოგვაქვს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, კერძოდ მშნებლობის ხელმეორედ შეუჩერებლობა გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. თუ არასწორად ხორციელდება მშენებლობა და შეუსაბამოა არქიტექტურულ ნებართვასთან პირველ შემთხვევაზე იქნება ჯარიმა," - აღნიშნა კახა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, საკანონმდებლო პაკეტის მესამე ნაწილი ეხება მშენებლობების ექსპლუატაციაში შესვლის საკითხს, რომლის თანახმადაც კანონში ცვლილება ითვალისწინებს ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების აკრძალვას:
"დღეს 2009 წელს შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე დაშვებულია შენობა-ნაგებობების გამოყენება და მასში ცხოვრება ექსპლუატაციაში მიღებამდე. დღეს არსებული საკანონმდებლო პრაქტიკიდან გამომდინარე ადამიანები ცხოვრობენ ისეთ შენობა-ნაგებობებში, რომლებიც ჯერ კიდევ არაა ექსპლუატაციაში მიღებული. ჩვენ გვახსოვს ამ ყველაფერმა რა პრობლემები შექმნა და არსებობს ბევრი ასეთი შენობა-ნაგებობა, იმიტომ რომ კანონი არ ზღუდავს ამ ყველაფერს. იმისთვის რომ შეიცვალოს ეს დამკვიდრებული პრაქტიკა და სამშენებლო კომპანიებს ჰქონდეთ ინტერესი აწარმოონ მშენებლობა ნებართვის შესაბამისად და შევიდეს ექსპლუატაციაში, კანონში ცვლილება ითვალისწინებს ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების აკრძალვას," - განაცხადა კახა კალაძემ.