მუნიციპალური ტრანსპორტი დღეიდან შაბათ-კვირასაც იმუშავებს. ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა, როგორც თბილისში ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედ მუნიციპალურ ტრანსპორტს შეეხო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 27 თებერვლიდან მგზავრებს ყოველდღე, ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.
საზოგადოებრივ ტრანსპორტს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად უტარდება.
ტრანსპორტში კვლავ მოქმედებს შეზღუდვები მგზავრებისათვის, ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა როგორც ავტობუსებში ასევე თბილისის მეტროსადგურებში. პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია, არ დაძრას ავტობუსი. ავტობუსებში კვლავ აკრძალულია გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა.
თბილისის მეტრო და ავტობუსები 21:00 საათამდე იმუშავებენ. ტრანსპორტის შაბათ-კვირას აღდგენის გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.