აჭარაში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. ის წყალში 17 თებერვალს, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში შევიდა და გაუჩინარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს უკვე 10 დღეზე მეტია ვერ პოულობენ.
ზღვაში დაკარგული მამაკაცის ახლობლები ამბობენ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს არ გააჩნია სპეციალური აღჭურვილობა და სპეცტექნიკა იმისთვის, რომ ძირეულად განახორციელონ სამძებრო სამუშაოები. აქედან გამომდინარე, ოჯახის წევრები სამძებრო პროცესში თავდაცვის სამინისტროს ჩართვას მოითხოვენ. მათი თქმით, წყალქვეშა ძიებისთვის აუცილებელი ტექნიკა, ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ შეიარაღებულ ძალებს გააჩნიათ.
"17 თებერვალს ნასვამ მდგომარეობაში შევიდა ზღვაში და დაიხრჩო. დღეს ამინდი არ გვაქვს, რომ მყვინთავები ჩასულიყვნენ და ფიზიკურად ვერ შეძლებენ მოძებნას, 2 მყვინთავი გვყავს, ზაფხულის ფორმებით სიღრმეში ვერ ჩადიანო. დაახლოებით, 25 მეტრამდეა სიღრმე, 15-16 მეტრზე მეტს სიღრმეში ვერ ჩადიან. ვთხოვ დახმარებას თავდაცვას, რადგან თავდაცვას აქვს აღჭურვილობა და ჰყავთ მყვინთავები. დაგვეხმარონ, რომ მიცვალებული ამოვიყვანოთ ზღვიდან და დავკრძალოთ," - განაცხადა დაკარგული მამაკაცის ნათესავმა, მათე ქარცივაძემ.