"რუსთავი 2-ს" საქართველოში ისრაელის ელჩი ეწვია. რან გიდორი ტელეკომპანიის მენეჯმენტს შეხვდა და სამაუწყებლო კომპანია დაათვალიერა.
საუბარი შეეხო მედიაგარემოს ქვეყანაში და "რუსთავი 2-ის" როლს არჩევნების გაშუქებისა და სხვა პოლიტიკური პროცესებში.
ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ "რუსთავი 2" ქართულ ტელესივრცეში ერთადერთი ტელეკომპანიაა, რომლის თოქშუებშიც მონაწილეობას ყველა პოლიტიკური მხარი იღებს, რაც ნდობაზე მიუთითებს.
ასევე, შეხვედრისას გამოითქვა მზაობა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ, რაც ერთობლივი პროექტების განხორციელებას გულისხმობს.
"ჩვენი მიზანია ვიმუშაოთ მედიასთან, მათ შორის, "რუსთავი 2-თან." უდავოა, რომ ეს ტელეკომპანია საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ორგანიზაციას. საქართველოს მოსახლეობა ვერ აცნობიერებს რამდენი შესაძლებლობის მიღება შეუძლია. მაგალითად, საზღვარგარეთ სწავლა, მიიღონ გრანტები სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებიდან, ბიზნესშესაძლებლობები ტურიზმის მიმართულებით. ეს არის ის, რის გამოც გვსურს გავზარდოთ და გავაძლიეროთ თანამშრომლობა და წვლილი შევიტანოთ საერთო სიკეთეში," - განაცხადა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რან გიდორმა.
"რუსთავი 2-ის" აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი იმნაიშვილის თქმით, საუბარი შეეხო ისრაელის საელჩოს მიერ დაწყებულ ახალ პროექტებს.
"ისრაელის ელჩთან შეხვედრისას შევიტყვეთ იმ პროექტების შესახებ, რომელიც დაიწყო ისრაელის საელჩომ და სააგენტოებმა. "რუსთავი 2-ის" როლი, ამ შემთხვევაში, იქნება იყოს ხიდი, პროექტებსა და სამიზნე აუდიტორიას შორის. ეს ეხება პროექტებს ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, მაღალი ტექნოლოგიების სფეროში და ბავშვებში სპეციალური საჭიროებებით,"- განაცხადა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი იმნაიშვილმა.
არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ხაზი გაუსვა ისრაელის საელჩოსა და ტელეკომპანიას შორის სამომავლო თანამშრომლობას.
"ელჩი დაინტერესდა, ამ ერთი წლის განმავლობაში რა განვითარება ჰპოვა ჩვენმა მენეჯმენტმა, როგორ ჩაიარა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებით დატვირთულმა წელმა, წინასაარჩევნო და არჩევნების პერიოდმა. გამოიკვეთა გარკვეული თანამშრომლობის წინაპირობები და იმედი გვაქვს, ნაყოფიერი იქნება ჩვენი და ისრაელის საელჩოს თანამშრომლობა,"- განაცხადა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ.
ისრაელის ელჩი საქართველოში "რუსთავი 2-ს" უკვე მეორედ ეწვია.