აპრილში სპეციალისტები კორონავირუსის მესამე ტალღას ელოდებიან. იმის გამო, რომ შეზღუდვების ნაწილი გამარტივდა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება. პარალელურად, ჯერ ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის ზუსტი თარიღი უცნობია.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ შეზღუდვების მოხსნა ცოტა დაჩქარებული ტემპით მოხდა და ის ამის მომხრე არ იყო. თენგიზ ცერცვაძეს ამ ეტაპზე მთავარ დამცავ საშუალებად რეკომენდაციების შესრულება, მათ შორის, ნიღბის ტარება მიაჩნია:
"საზოგადოების დაკვეთა იყო ამ ეტაპობრივი მოხსნის მაქსიმალური დაჩქარება და თუ ვინმე ვიტყოდით, რომ ნუ ვიჩქარებთ და მე პირადად ვემხრობოდი ამ აზრს, რომ ნუ ვიჩქარებთ, ვხვდებოდით გარკვეულწილად კრიტიკის ობიექტი, რამეთუ ამბობდნენ, რომ ეკონომიკა და ბიზნესი ვერ მოიცდის და ცოტა დაჩქარებული ტემპით მოხდა მოხსნა. ამიტომ, ეს მოხსნა იყო სწორი, ერთადერთი პირობით. თუ ჩვენ ისევ დაგვძლევს ცდუნება, რომ ნიღბები არ ვატაროთ, მაშინ ჩვენ, გარდაუვლად გველოდება ახალი შემთხვევების მატება," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
შემთხვევების მომატების რისკზე საუბრობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვიც, მისი თქმით, შემთხვევების მომატება შემზღუდავი ღონისძიების მოხსნიდან 6-8 კვირის შემდგომ არის მოსალოდნელი, თუმცა ის იმედოვნებს, რომ მესამე ტალღა, მეორე ტალღის მსგავსად, დრამატული არ იქნება:
"ჩვენ ახლა რეალურად გვრჩება მარტო პირბადე, შემზღუდავი ღონისძიებები იხსნება და ვაქცინაცია არ გაგვაჩნია. რა თქმა უნდა, ამ გადასახედიდან ქვეყანას უჩნდება ძალიან დიდი რისკი, რომ შემზღუდავი ღონისძიების მოხსნიდან 6-8 კვირის შემდგომ შემთხვევების რაოდენობა დაიწყებს მომატებას. ერთი უბრალოდ ესეც მინდა ვთქვა, რომ ამ ვირუსის სეზონურობის თავისებურება გამოიკვეთა და ჩვენი შესაძლო მესამე ტალღა ემთხვევა მაინც უფრო თბილ პერიოდს, რაც მაძლევს იმის იმედს, რომ ის არ იქნება ისეთი დრამატული, როგორიც იყო შემოდგომაზე მეორე ტალღა," - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.
შეზღუდვების სწრაფად და მცირე ინტერვალებით მოხსნის პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელიც. მისი თქმით, მთავრობას სიტუაციის შესაფასებლად უფრო დიდი შუალედები უნდა გამოეყენებინა:
"შეზღუდვების შემცირებაში პირველი პრობლემა ის არის, რომ საქართველო ამას აკეთებს ძალიან სწრაფად და ერთკვირიანი ინტერვალებით. შესაბამისად, ეს უნდა ყოფილიყო ძალიან ნათლად მოცემული და ნათქვამი, რომ მე კი ვხსნი, მაგრამ თუ სიტუაცია შეიცვლება, მე ვეღარ გავაგრძელებ. მე უფრო მეტი დრო უნდა მქონდეს იმისათვის, რომ შევაფასო სიტუაცია,"- განაცხადა ზაზა წერეთელმა.