17 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
საქმეს აშკარად გააჩნია პოლიტიკური, ან სხვა მოტივი - სახალხო დამცველმა ე.წ კარტოგრაფების საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრება გამოაქვეყნა

ომბუდსმენის შეფასებით, ე.წ კარტოგრაფების საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს საქართველოს ტერიტორიის ნაწილის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემის სურვილი ჰქონდათ, ან ამ განზრახვით მოქმედებდნენ, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებაში აღნიშნა, რომლითაც მან თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

ნინო ლომჯარია წარდგენილ დოკუმენტში მიიჩნევს, რომ "კარტოგრაფების საქმეზე" გამოძიების დაწყება პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირმა განაპირობა, რაც შეთანხმებული იყო შესაბამისი პარტიის ხელმძღვანელთან.

სახალხო დამცველის შეფასებით, საქმეს აშკარად გააჩნია პოლიტიკური, ან სხვა მოტივი, რომელიც საქმეში არსებული ხარვეზების ფონზე, კანონიერ მოტივს გადაწონის.

​"ჩვენი შეფასებით, წინამდებარე საქმეს აშკარად გააჩნია პოლიტიკური ან სხვა მოტივი, რომელიც საქმეში არსებული ხარვეზების ფონზე, კანონიერ მოტივს გადაწონის. აღნიშნული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევად ფასდება.

იმედს ვიტოვებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო ჯეროვნად და დეტალურად იმსჯელებს დანაშაულის შემადგენლობის ელემენტებზე და პოლიტიკური მოტივის გარემოებებზე და წარმოადგენს დასაბუთებულ არგუმენტაციას განსახილველ საკითხებზე. საქმის გარემოებების სწორი სამართლებრივი გადაწყვეტა უშუალო გავლენას მოახდენს, როგორც ინდივიდების უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფაზე, ასევე, სასამართლოს შემდგომი პრაქტიკის განვითარებაზე," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები