31 შემთხვევა და 3 კლასტერი - საქართველოში კორონავირუსის ახალი, ბრიტანული შტამი გამოჩნდა.
სამივე შემთხვევაში დაავადება ოჯახშია გავრცელებული. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ბრიტანული შტამის ფართოდ გავრცელება ამ ეტაპზე არ მომხდარა. ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ყველა მათგანი ბინაზე მკურნალობს.
ახალი ბრიტანული შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა სიმპტომები იგივეა. მისი შეკავების ერთ-ერთ ეფექტურ გზად რეკომენდაციების გათვალისწინება სახელდება. ინფექციონისტები დღეს არც იმას გამორიცხავდნენ, რომ საქართველოში ახალი შტამით ინფიცირებულთა რაოდენობა უფრო მაღალია, თუმცა, იმის გამო, რომ ყველა შემთხვევას ინდივიდუალური შესწავლა სჭირდება, იდენტიფიცირება დროულად ვერ ხდება.
ვაქცინაცია საქართველოში მარტის ბოლოდან უნდა დაიწყოს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ "ღამის კურიერში" თქვა, რომ ქვეყანა "ფაიზერისა" და "ასტრაზენეკას" პრეპარატს უკვე ელოდება, თუმცა მედიკამენტის საქართველოში შემოსატანად ხელისუფლება სხვა ვერსიებზეც მუშაობს.
ვიდრე ქვეყანა ვაქცინის მოლოდინშია, ქვეყანაში კორონავირუსის ყოველდღიური მონაცემები სტაბილურად იზრდება. დადებითობის მაჩვენებელი ისევ 4%-ის ფარგლებში ნარჩუნდება.