26 აპრილი 2024,   17:29
ვრცლად
სროლა საოკუპაციო ხაზთან - ქართულმა მხარემ კიდევ ერთი ქართველის ტყვედ აყვანა აღკვეთა  

სროლა საოკუპაციო ხაზთან და საქართველოს მოქალაქის გატაცების წარუმატებელი მცდელობა. საოკუპაციო ძალები ქართველმა პოლიციელებმა განაიარაღეს.

დაჯგუფება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 600 მეტრის სიღრმეში შემოვიდა, თუმცა ქართულმა მხარემ კიდევ ერთი ქართველის ტყვედ აყვანა ადგილზე აღკვეთა. ადგილობრივი მცხოვრები ტრაქტორით მუშაობდა, რა დროსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მისი გატაცება დააპირეს.

დეტალებს იხსენებენ ჩალაურის ნათესავები. ამბობენ, რომ ხმაურზე გარეთ გამოცვივდნენ. დაინახეს, რომ მამაკაცს ე.წ. დევნის ოპერაციის დროს ოკუპანტებმა რამდენჯერმე ესროლეს. პროცესებში მალევე ჩაერთო პოლიცია, რომელმაც უკანონო ფორმირებები განაიარაღა.

შემთხვევიდან მალევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, ცენტრალური ხელისუფლების მიერ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების დაკავება არ მომხდარა. თუმცა, კონკრეტულად რა ღონისძიებები გატარდა მათ წინააღმდეგ ვითარების განმუხტვის შემდეგ, დაზუსტებული არ არის.

"კურიერის" ინფორმაციით, ოკუპანტები ჯერ დაკითხვაზე გადაიყვანეს, რამდენიმე საათის შემდეგ კი, საოკუპაციო რეჟიმს დაუბრუნეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მსგავსი ფაქტი ხურვალეთში აქამდე არ დაფიქსირებულა. მაგრამ, მეზობელი სოფლებიდან ე.წ. საოკუპაციო ზოლის გადმოკვეთის და მოქალაქეების გატაცების შესახებ არაერთხელ სმენიათ.

ინციდენტის შემდეგ ხურვალეთში სიმშვიდეა. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები, რომლებიც სოფელში პატრულირებას განაგრძობენ. 

დღის ამბები