გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ გარდაცვლილის ოჯახმა სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა.
ტერიტორია მსჯავრდებულებმაც დატოვეს. სანამ მსჯავრდებულები პენიტენციური სამსახურის მანქანაში ჩასხდებოდნენ, ყვიროდნენ, რომ უდანაშაულოები იყვნენ. ასეთივე შეძახილები ისმოდა სასამართლო დარბაზშიც, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და რომელსაც მედია კამერების გარეშე ესწრებოდა.
მსჯავრდებულები ამბობდნენ, რომ გურამ ამირხანაშვილი არის ცრუ მოწმე, რომელმაც შეცდომაში შეიყვანა პროკურატურა და გიორგი შაქარაშვილის ოჯახიც.
კომენტარი გააკეთა არასრულწლოვან ზ.ხ-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა, რომელიც აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ ზემდგომ ინსტანციაში და, შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოში.
"ეს გადაწყვეტილება აუცილებლად აისახება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, სადაც ნათლად გაიწერება, რომ არარსებული მტკიცებულებების ფონზე ბატონმა სტურუამ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.
ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად წავიღებთ ზემდგომ ინსტანციაში და აუცილებლად წავალთ სტრასბურგის სასამართლოში, სადაც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში აუცილებლად იქნება მითითებული, რომ ეს არის ყველაზე სამარცხვინო გადაწყვეტილება მართლმსაჯულების ისტორიაში, სადაც არცერთი მტკიცებულების არარსებობის ფონზე მიიღო სასამართლომ ასეთ განსაკუთრებით მძიმე ბრალდებაში გადაწყვეტილება, რომელიც არის გამამტყუნებელი განაჩენი,"- აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის საბოლოო ვერდიქტი გამოცხადდა. ბრალდებულებს: არჩილ გაგნიძეს, ნიკა რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს 16 წელი მიესაჯათ.
არასრულწლოვნების, ზ.ხ.-ს და ა.ქ-ს განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.