08 მაისი 2024,   23:34
ვრცლად
დაძაბულობა ქართულ რაგბიში - რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები კიდევ ერთხელ, ხვალ უნდა გაიმართოს

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები კიდევ ერთხელ ხვალ უნდა გაიმართოს. პროცესამდე 1 დღით ადრე ვეტერანი მორაგბეები საგანგებო მიმართვას ავრცელებენ. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია ხვალინდელმა საპრეზიდენტო არჩევნებმა მშვიდ, კონსტრუქციულ გარემოში ჩაიაროს.

ვეტერანი მორაგბეების ნაწილი, მათ შორის, საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ანთაძე ირაკლი აბუსერიძეს და მის მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ სრულად დაიცვან სარაგბო კოდექსით განსაზღვრული ქცევის წესები და კიდევ უფრო ნუ დააზარალებენ და ნუ შელახავენ ქართული რაგბის ავტორიტეტს.

დაძაბულობის მოლოდინი აქვს ცნობილ ქართველ კომენტატორ ნიაზ მამრიკიშვილსაც და ყველა მხარეს მოუწოდებს, რომ ეს დაძაბულობა თავიდან იქნეს აცილებული.

განცხადებას ავრცელებს სპორტის სამინისტროც, რომელიც ყველას მოუწოდებს, რომ თავი აარიდონ დესტრუქციულ ქმედებებს და დაიცვან რაგბის ოჯახის ღირსება. 

უკან დახევას არ აპირებენ ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები და აცხადებენ, რომ სამართლიანობისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. მათი თქმით, ზეწოლითა და შანტაჟით მათ დაშინებას ვერ შეძლებენ. აბუსერიძის მომხრეები აცხადებენ, რომ უმჯობესი იქნება, ხვალინდელ ყრილობაზე არა პრეზიდენტის არჩევა, არამედ რაგბის კავშირში შექმნილი მძიმე სიტუაციის განხილვა და პრობლემის მოგვარების გზების მოძიება მოხდეს, პრეზიდენტი კი ვითარების დასტაბილურების შემდეგ აირჩიონ.

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები