05 სექტემბერი 2026,   20:58
ვრცლად
"ტვ პირველში" შეჭრას და შევარდნას არავინ აპირებს, ეს არის სიცრუე - პროკურატურა

პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბაია ცანავა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ პროკურატურა ტელეკომპანია "ტვ პირველში" შეჭრას არ აპირებს. მისივე განცხადებით, ეს არის მიზანმიმართულად გავრცელებული სიცრუე.

"გამოძიების მიზანია სწრაფად განხორციელდეს ტელეკომპანიის ეთერში გასული ფარული ჩანაწერების მოპოვება-მიღება, რათა დროულად დაინიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები მათი ავთენტურობის დადგენის მიზნით, ჩატარდეს სხვა საჭირო საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებები.

ტელეკომპანიის მიერ დღეს გაჟღერებული პოზიცია, რომ საგამოძიებო ორგანოს ეთერში გასული ჩანაწერები არ მოუთხოვია, წარმოადგენს სასამართლო განჩინების არასწორ ინტერპრეტაციას.

საქართველოს პროკურატურა იმედს იტოვებს, რომ ტელეკომპანია "ტვ პირველი" ითანამშრომლებს გამოძიებასთან, რათა ხელი არ შეგვეშალოს სწრაფი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფაში.

იმედი გვაქვს, მოგვაწვდის მათთვის წყაროს მიერ გადაცემულ აუდიოფაილებს იმ ელექტრონულ მოწყობილობასთან ერთად, რომლითაც მათ ეს ფარული ჩანაწერები მიეწოდა.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს პროკურატურა გეგმავს ტელევიზიაში შეჭრას, არის სიცრუე. არავინ არ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას. ამის დადასტურებას წარმოადგენს ჩვენ მიერ ამოღების განჩინების ტელევიზიისთვის მიწოდებაზე მათთან წინასწარი სატელეფონო კომუნიკაცია და განჩინების მათთვის ფოსტით გაგზავნის ფაქტიც, მსგავსი სახის ინფორმაცია ცალსახად არის არასწორი და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას," - აცხადებს პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურიერთობის სამსახურის უფროსი ბაია ცანავა.

ფარული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება გუშინ დაიწყო. საქმეს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის და მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების კვალიფიკაცია მიეცა. უკვე დაგეგმილია აუდიომასალის ავთენტურობის დასადგენად შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებაც.

დღის ამბები