03 სექტემბერი 2026,   18:30
ვრცლად
ნუ გაიმეორებთ ისტორიას, ბატონო ხელისუფლებავ - ინგა გრიგოლია

ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტი ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ არხის თანამშრომლები ტელეკომპანიის დათმობას არ აპირებენ. 

ინგა გრიგოლიამ გაიხსენა წინა ხელისუფლების დროს მომხდარი ტელეკომპანიაში ძალით შეჭრის ფაქტები და ხელისუფლებას მიმართა: 

"ხელისუფლებას მინდა მივმართო: ბატონებო და ქალბატონებო, ბევრი წლის განმავლობაში ჩვენ, ბევრი რამ გვინახავს. გვინახავს 7 ნოემბერი, ხელკეტებით და სპეცრაზმით აღებული ტელევიზია, გვინახავს შევარდნაძის დროს უშიშროების შესვლა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში. სწორედ ასეთი, ვითომ რაღაც შესაბამისი საბუთებით. გვინახავს ამ ტელევიზიაზე ძალიან დიდი ზეწოლა, შანტაჟი, მუქარა, სასამართლოები, პროკურატურა, არარსებული საქმის გამო, ჩვენი დამფუძნებლის მამას რომ დაატარებდნენ სასამართლოებსა და პროკურატუირაში და დღემდე რომ ეს საქმე გრძელდება.

ამასწინათ, მოვისმინეთ გამოქვეყნებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომ ეს არის საქმე, რომელსაც დაზარალებული არ ჰყავსო. მინდა ხელისუფლება შევახსენო, რომ ისიც ნამდვილად იყო ის საქმე, რისთვისაც ჩვენი დამფუძნებლის მამას დაატარებდნენ სასამართლოსა და პროკურატურაში, რომელსაც არც მომჩივანი ჰყავდა და არც დაზარალებული. ეს არის თქვენი ორმაგი სტანდარტები.

იმის თქმა მინდა, რომ გავლილი გვაქვს ყველაფერი, ვართ გამოწრთობილი თაობა ამ ბრძოლისთვის და ვართ მზად, და გაძლევთ პირობას - არ დავთმობთ არც ერთი წამით ამ ტელევიზიას, რომელიც ჩვენი ხელით ავაშენეთ. ველოდი ძალიან დიდ შემოტევას ტელეკომპანია პირველზე და დღეს რაც არ უნდა ენა მოიჩლიქონ "ოცნების" წარმომადგენლებმა, რომ უი, შეჭრა თურმე არ იგეგმება, მაშ მე მაქვს კითხვა, რას ნიშნავს ჩანაწერი, იძულებით შესვლასთან დაკავშირებით?

ბევრი მთავრობა მინახავს, ძალიან ძლიერი და ძალიან მაგარი რომ ეგონა თავისი თავი, ძალიან დიდი ფულის პატრონები რომ იყვნენ, შემდეგ კი ისე წასულან რომ მათი 70% ალბათ, თავადაც ვერ იჯერებს, რომ ოდესმე ხელისუფლებაში იყვნენ. ასე რომ, ნუ გაიმეორებთ ისტორიას, ბატონო ხელისუფლებავ,"-განაცხადა ინგა გრიგოლიამ. 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, მოსამართლემ პროკურატურას 30 დღე მისცა იმისთვის, რომ პროკურატურამ ტელეკომპანიაში ნებისმიერ დროს შეძლოს შესვლა.

პროკურატურა ტელეკომპანიისგან იმ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის მიწოდებას ითხოვს, რომელზეც 6 მარტს "ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერებია დატანილი. საუბარია ჩანაწერებზე, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბარია ასახული. 

დღის ამბები