პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის ვრცელ წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილის წარმომადგენლებმა, რომლებიც საპროტესტო აქციის მონაწილეებს ე.წ. მშვიდობიანი დამხობისკენ მოუწოდებდნენ, შემდგომში აღნიშნული ადამიანები მიატოვეს, ახლა დაკავებულებზე მორალურ ზეწოლას ახორციელებენ და მათ ციხეში დარჩენას აიძულებენ.
"ჯერ ამ ხალხს სემინარებს უტარებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ეს კანონდარღვევა არ არის. ამ სემინარის ჩანაწერები ხომ ყველას ნანახი გვაქვს, ეუბნებოდნენ, რომ თურმე ტერორიზმი თავისუფლებისთვის ბრძოლაში გამოსაყენებელი მეთოდოლოგია ყოფილა. მერე უბიძგეს ამისკენ, უთხრეს, რომ დემოკრატისთვის ბრძოლა არის "მოლოტოვის კოქტეილის" სროლა, პარლამენტში ცეცხლის გაჩენა. ეს ყველაფერი ჩვეულებრივია, სამართლებრივი მეთოდებია და როდესაც ეს ხალხი ამ საქმიანობაზე დააპატიმრეს, მერე აბსოლუტურად მიატოვეს.
როდესაც ისინი მიხვდნენ, რომ არასწორი ნაბიჯები გადადგეს და სახელმწიფომაც უთხრა, რომ თუ თქვენ სამართლისკენ შემობრუნდებით და სახელმწიფოსკენ შემობრუნდებით, ჩვენც გადმოვდგამთ ნაბიჯს და მართლა მოხდა ასე, ახლა დადგნენ და იმის გამო, რომ ვთქვათ, მათ იმიჯი სჭირდებათ, რომ პოლიტპატიმრებით არის სავსე ჩვენი ციხეები, ეუბნებიან, რომ რატომ გადადგით ეს ნაბიჯი? - ყოფილიყავი ციხეში. მერე რა, რომ ჩვენ გიბიძგეთ უკანონოდ ამისკენ, უნდა აგეტანათ ჩვენი ნათელი დემოკრატიული მომავლისათვის," - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
მორალური ტერორი, მანიპულაციური მსხვერპლი, "უსინდისობის ტყვეობა" და დამარცხებული რევოლუციური პროპაგანდა - პარლამენტის თავმჯდომარე ვრცელ წერილს ავრცელებს, სადაც აქციებზე დაკავებულების მიმართ სახელმწიფოს მიდგომას განმარტავს.
სპიკერი სვამს 2 მთავარ კითხვას, ვის სჭირდება აქციებზე დაკავებულების ციხეში დარჩენა და თუ ხელისუფლების მიზანი ამ ადამიანების ციხეში გამოკეტვაა, რატომ არის 45 პირი დღეს თავისუფალი? - შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მსხვერპლი ახლა სწორედ მათ სჭირდებათ, ვინც ეს პირები ჯერ კანონდარღვევისკენ წააქეზეს, ახლა კი საკუთარი ინტერესების იარაღად იყენებენ.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, სახელმწიფოს მიზანი არასდროს ყოფილა მოქალაქეების ციხეში გამოკეტვა, პასუხისმგებლობის გააზრებისა და დანაშაულის აღიარების შემთხვევაში, გათავისუფლების სამართლებრივი გზა ყველასთვის ღიაა, თუმცა, სპიკერის შეფასებით, პროტესტის ორგანიზატორები დაკავებულებზე მორალურ ზეწოლას ახორციელებენ და მათ ციხეში დარჩენას აიძულებენ, რათა გარეთ ბრძოლის ილუზია შეინარჩუნონ.