ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ქუთაისში მოსახლეობასთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა.
შეხვედრაზე ითქვა, რომ "ნამახვანჰესის" მშენებლობის პარალელურად შეიქმნება რიონის განვითარების ფონდი, რომელშიც თავის კონტრიბუციას შეიტანს როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო.
ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.
რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდგომ ნამოხვანში, მიმდინარე პროტესტი უკვე 137 დღეა გრძელდება - 137 ღამეა, იქ გაშლილ კარავში ათევენ ჰესის მოწინააღმდეგეები.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია "ენკასთან" გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას მოითხოვენ.