19 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
გაყინული მამაკაცის ცხედარი გომის მთიდან ვერტმფრენით ქუთაისში გადაასვენეს

გომის მთაზე სამაშველო ოპერაცია დასრულდა. ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ვერტმფრენით გომის მთიდან ქუთაისში პროზექტურაში გადაასვენეს.

ამოყვანის ოპერაცია გათენებისთანავე განახლდა. გურიაში ჩავიდნენ განსაკუთრებულ საქმეებზე სწრაფი რეაგირების ბაზის მეხანძრე-მაშველები და კინოლოგი. თოვლიდან ცხედრის ამოყვანის ოპერაციაში ჩართული იყო 45 მეხანძრე-მაშველი, როგორც გურიიდან, ასევე, თბილისიდან და ქუთაისიდან.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"–ში გომის მთიდან გუშინ შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც, მეტეოროლოგიური პირობების გამო, ერთი მოქალაქე გაყინული იყო, ხოლო მის თანმხლებ სამ პირს გადაადგილება აღარ შეეძლო. მეხანძრე-მაშველთა ჯგუფმა სამი მოქალაქის გადარჩენა შეძლო. ისინი უვნებლად, თუმცა ჰიპოთერმიის ნიშნებით იპოვეს და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ჰოსპიტალური ქსელის "მედალფას" ოზურგეთის კლინიკის დირექტორის დავით მდინარაძის განცხადებით, დაშავებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ, მისი თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დღის ამბები