საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა.
"გამოძიებით დგინდება, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, ინვესტორს 4 000 ლარის სანაცვლოდ, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზამლეთში და უჩამბის თემში მდებარე ორი ობიექტის იჯარის ხელშეკრულების გასაფორმებლად აუქციონზე გატანას და შემდგომში სამსახურებრივი მფარველობის გაწევას დაპირდა. დაპირებისამებრ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზამლეთში არსებული ობიექტი მისი უშუალო ჩართულობით გატანილ იქნა აუქციონზე, რომელშიც გაიმარჯვა ზემოაღნიშნულმა ინვესტორმა. იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი 2 500 ლარი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.