19 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
ვამაყობ, რომ საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა მიიღო ვაქცინა COVAX პლატფორმის საშუალებით - კარლ ჰარცელი

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში ჩამოტანას ევროკავშირის ელჩი გამოეხმაურა. კარლ ჰარცელი საქართველოს ვაქცინის მიღებას ულოცავს და აცხადებს, რომ ეს მოვლენა უმნიშვნელოვანესია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში:

"მიუხედავად იმისა, რომ ვიმყოფები ძალზე ინტენსიური პოლიტიკური მედიაციის პროცესში კრისტიან დანიელსონთან ერთად, ვულოცავ საქართველოს, 43 000 ვაქცინის დოზის მიღებას კოვაქსის პლატფორმის საშუალებით.

ევროკავშირი და ევროპის გუნდში შემავალი პარტნიორები კოვაქსის ყველაზე მსხვილი ფინანსური მხარდამჭერები არიან. მათ  2.2 მილიარდი ევრო გამოყვეს  ვაქცინების სამართლიანად გავრცელების მიზნით. ვამაყობ, რომ ისეთმა  მნიშვნელოვანმა ქვეყანამ როგორიც საქართველოა, ერთ-ერთმა პირველმა მიიღო ვაქცინა ამ პლატფორმის საშუალებით. 

შემდეგი ნაბიჯი ვაქცინაციის დაწყებაა. ასევე ვამაყობ, რომ ევროკავშირი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეხმარება საქართველოს მთავრობას ტრენინგის, რჩევების და ლოჯისტიკური მხარდაჭერით იმისთვის, რომ მოხდეს ვაქცინის რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად მიწოდება მათთვის, ვისაც ის ყველაზე უფრო სჭირდება. 

პანდემიის დასაწყისიდანვე, ევროკავშირი და ევროპის გუნდი საქართველოს ყველაზე მტკიცე მხარდამჭერები არიან და ფინანსურად ეხმარებიან როგორც მთავრობის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს, ისე უშუალოდ ჯანდაცვისა და სოციალურ ინიციატივებს და კერძო სექტორის ძალისხმევას.

საქართველოსთვის გამოყოფილი ეს მხარდაჭერის პაკეტი ყველაზე დიდია ევროკავშირის მიერ ერთ სულ მოსახლეზე განხორციელებული დახმარების თვალსაზრისით. ეს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოხატული სოლიდარობის მანიშნებელია. 

ეს მოვლენა უმნიშვნელოვანესია კორონავირუსის წინაააღმდეგ ბრძოლაში და იმედს გვისახავს. ევროკავშირი კვლავაც  გვერდში უდგას საქართველოს ვირუსთან ბრძოლის გზაზე," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დღის ამბები