19 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
ნიკოლოზ ბასილაშვილი ლეგენდარული ქართველი ჩოგბურთელების მსგავსად ქართული სპორტის ისტორიაში შევიდა

დღეს საღამოს მთელი საქართველოს ყურადღება Qatar Open-ის საჩოგბურთო ტურნირისაკენ იყო მიპყრობილი, სადაც ცოტა ხნის წინ დასრულდა ნიკოლოზ ბასილაშვილისა და რობერტო ბაუტისტა აგუტის დაპირისპირება.

ქართველი გულშემატკივრების იმედი და მოლოდინი იმისა, რომ ქართველი ჩოგბურთელი ამ პრესტიჟულ შეჯიბრებაში გაიმარჯვებდა, გამართლდა. პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგის 42-ე ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს ნომერ მე-13 ჩოგბურთელს, ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტის დაუპირისპირდა და საათნახევარში 2 სეტში 7-6, 6-2 მოიგო. ჩემპიონმა ეს ისტორიული გამარჯვება საკუთარ შვილს მიუძღვნა.

დოჰას ტურნირამდე 29 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებული სპორტული კარიერა, ბოლო პერიოდში განვითარებული ცნობილი მოვლენების გამო დროებით შეჩერებული იყო. ყატარის დედაქალაქში გამგზავრებამდე საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა 5 მატჩი გამართა და სამწუხაროდ ხუთივეში დამარცხდა. ATP-ის 250-ქულიან ტურნირზე ბასილაშვილის ნახევარფინალში და ფინალში გასვლას არავინ ელოდა, თუმცა ლეგენდარულ შვეიცარიელ, როჯერ ფედერერთან სენსაციურად მოგებულმა შეხვედრამ და შემდეგ უკვე ამერიკელ, ტეილორ ფრიტცთან გამარჯვებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარმატებული თამაშით, ჩვენი ქვეყნის სახელი კიდევ ერთხელ შეახსენა მთელს მსოფლიოს და ლეგენდარული ქართველი ჩოგბურთელების, ალექსანდრე მეტრეველის, თეიმურაზ კაკულიასა და ლეილა მესხის შემდეგ, სამუდამოდ შევიდა ქართული სპორტის ისტორიაში.

დოჰას ტურნირის გამარჯვებული 250 სარეიტონგო ქულასა და 100 ათას ამერიკულ დოლარს მიიღებს.

 

ავტორი: დავით ფრანგიშვილი

დღის ამბები