ვაქცინაცია იწყება - სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა ქვეყნის მასშტაბით დილიდან იგეგმება.
ერთ-ერთი პირველი, ვისაც დღეს იმუნიზაცია ჩაუტარდება, პაატა იმნაძე იქნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ვაქცინას დემონსტრაციულად, ღია ეთერში ინფექციურ საავადმყოფოში გაიკეთებს.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის 43 000 დოზას ორ კვირაში აითვისებენ და შეფერხება არ უნდა იყოს.
რაც შეეხება საჭირო მეორე დოზას - ჯანდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ ვაქცინის შემდეგი პარტია ქვეყანაში დროულად შემოვა.
ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების აცრა მარტის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც რისკჯგუფში შემავალი მოქალაქეების - მოხუცთა თავშესაფრებში მცხოვრებთა, 75 წელს ზემოთ და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების აცრა დაიწყება.
AstraZeneca-ს 43 200 ცალი ვაქცინა საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდა, 22 მარტს კი საქართველო უკვე Pfizer-ის 29 250 დოზა ვაქცინას ელის.