რატომ არ გაიკეთა ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინა - ეკატერინე ტიკრაძემ "დღის კურიერის" კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ტელეკამერების წინ აცრის არგაკეთება იმას, რომ "ასტრაზენეკას" ვაქცინის ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში დროებით შეჩერდა, ტიკარაძემ თქვა, რომ მისი საჯაროდ არაცრა ამ ფაქტს არ უკავშირდება.
"არა, ეს არ არის მიზეზი, რატომაც არ გავიკეთე ვაქცინა, თუმცა, პრობლემას ვერ ვხედავ, თუ საზოგადობაში კითხვებს ბადებს ეს ფაქტი, რომ უახლოეს პერიოდში გავიკეთო აცრა.
თუმცა, საინტერესოა, მაშინ, როცა ქვეყანაში შემოვა სხვა ვაქცინები, რომელთან დაკავშირებითაც, ასევე შეიძლება არსებობდეს კითხვები, მაგალითად, ჩინური ვაქცინა, გახდება თუ არა აუცილებელი, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, ან ნებისმიერმა საჯარო პირმა, ისევ და ისევ საჯაროდ გაიკეთოს ის აცრაც, ვინაიდან, ჩვენ ვიცით, რომ აცრები უნდა იყოს დაცული და არ შეიძლება მათი არევა, აქედან გამომდინარე, ჩემთვის ესეც ძალიან საინტერესოა,"- განაცხადა "დღის კურიერში" ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სამედიცინო პერსონალის სიმცირე ვაქცინაციის პირველ დღეს ანტივაქსერულ კამპანიას უკავშირდება, თუმცა, ტიკარაძის თქმით, პირველი დღისთვის 3000 მედიკოსი დარეგისტრირდა და ამ დროისთვის 500 ექიმი უკვე აცრილია.
"ეს პროცესი რომ იქნებოდა რთული, გათვითცნობიერებული გვქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეტაპობრივად ვაქცინის მიმართ სანდოობა უფრო გაიზრდება და ჩვენი ექიმებიც, რომლებიც იმყოფებიან წინა ხაზზე, პრიორიტეტია ეს ჯგუფი და ამიტომ საკუთარ ვაქცინას ვუთმობთ ექიმებს. ვცრით პირველად მათ. დარწმუნებული ვარ, საქართველო იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, სადაც სწორად და შეუფერხებლად წარიმართება ეს პროცესი,"- განაცხადა "დღის კურიერში" ეკატერინე ტიკარაძემ.