საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით ცხელი ხაზი მოქმედებს.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ცხელი ხაზი დაეხმარება სამედიცინო პერსონალს დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ კითხვებთან მიმართებით.
"ცხელი ხაზის ფუნქცია საკმაოდ მრავალფეროვანია. პირველ რიგში, ამ ეტაპისთვის, ეს ცხელი ხაზი დაეხმარება ჩვენს ექიმებს დარეგისტრირებასთან არსებულ კითხვებთან მიმართებაში. ასევე, თუ გართულებებთან დაკავშირებით რაიმე სახის კითხვები აქვთ, ამის შესახებაც მიაწვდით მათ ცხელი ხაზი ინფორმაციას; ასევე, თუ სად და როგორ შეიძლება აიცრან და რომელი აცრის ცენტრია მათთან უახლოესი. ნებისმიერი კითხვა, რომელიც შეიძლება დაისვას ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით, ცხელი ხაზი აღჭურვილი იქნება ყველა ინსტრუმენტით და ყველა კითხვაზე პასუხით,"-აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.
მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ვაქცინაციისთვის 29 ცენტრი მოქმედებს, მასობრივი ვაქცინაციის ეტაპზე გადასვლისთვის კი ამ ფუნქციით ქვეყანაში 200-ზე მეტი დაწესებულება იმოქმედებს.
"ამ მომენტისთვის მოქმედებს 29 ცენტრი, სადაც მიმდინარეობს ვაქცინაცია. თუმცა, 17 რიცხვიდან დაემატება კიდევ 35 დაწესებულება, ხოლო 19 რიცხვიდან კიდევ 23 დაწესებულება დაემატება. საერთო ჯამში, პროცესში, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ჩართული იქნება 82 დაწესებულება, თუმცა მაშინ, როდესაც გადავალთ მასობრივ ვაქცინაციაზე, საქართველოს მასშტაბით, მობილიზებული გვექნება 200-ზე მეტი დაწესებულება, სადაც წარიმართება ვაქცინაციის პროცესი,"-აცხადებს მინისტრი.