28 აპრილი 2024,   19:57
ვრცლად
საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადება ჩემი ოჯახის წევრების დაანონსებული წამების შესახებ წარმოადგენს მყისიერ საფრთხეს - ნოდარ მელაძე

ტელეკომპანია "TV პირველის" მთავარი პროდიუსერი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. ნოდარ მელაძე უწყებაში გამოკითხვაზე იმ გამოძიების ფარგლებში დაიბარეს, რომელიც მისი და მაკა ჩიხლაძის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.

ნოდარ მელაძეს განცხადებით, საჯარო სივრცეში ბერა ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მისი ახლობლების მისამართით მუქარის შემცველი შეტყობინებები ვრცელდება, რაც ასევე გამოძიების დაწყების საფუძველია. 

"ჩვენი პოზიცია არის, რომ ასეთ საქმეებზე სწორია თუ მოხდება გამოკითხვა მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით და ჩვენ ეს ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. ასევე იყო კომუნიკაცია ბერა ივანიშვილის პირადი მცველის მიერ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით ჩემი ოჯახის მისამართით.

სანამ გამოძიებას დაიწყებენ, აინტერესებდათ მე ეს მუქარად აღვიქვი თუ შეურაცხყოფად.

მე ვფიქრობ, რომ ბატონი წიკლაურის საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადება ჩემი ოჯახის წევრების დაანონსებული წამების შესახებ, წარმოადგენს მყისიერ საფრთხეს ჩემი და ჩემი ოჯახის წევრებისთვის," - განაცხადა ნოდარ მელაძემ.

ტელეკომპანია "TV პირველის" იურისტის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესთავაზა სახელმწიფო დაცვის დანიშვნა, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

"სწორი არის ადამიანების დაკითხვა სასამართლოში, ამიტომ ჩვენ გამოძიებას ვუთხარით, რომ ჩვენ არ გვაქვს პრობლემა ჩვენების მიცემის, ოღონდ ეს უნდა მოხდეს სასამართლოში მოსამართლის წინ და როცა დაგვიბარებენ მივალთ და ჩვენებას მივცემთ.

გარდა ამისა, იყო შემოთავაზება დაცვის დანიშვნასთან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებითაც ჩვენ ვუთხარით არსებობს თუ არა რაიმე დამატებითი ინფორმაცია, რომელიც გარკვეულ საფრთხეებს უკავშირდება, რადგანაც გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით. მათ დამატებითი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენიათ.

ხოლო ლევან მამალაძის ინტერვიუ ძალიან არადამაჯერებლად ჩანდა ერთის მხრივ, რომ პირებს დაცვა მოეთხოვათ და მეორე მხრივ სახელმწიფოს მიერ დანიშნული დაცვა შეიძლება აღქმული ყოფილიყო როგორც ხელისუფლების მიერ დანიშნული მაკონტროლებელი ჟურნალისტური საქმიანობის დროს," - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

დღის ამბები