დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალციხეში, იმედის კლინიკაში აცრილი 27 წლის ექთნის მდგომარეობა საყურადღებოა.
როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ამ ეტაპზე, უცნობია, თუ რა ტიპის რეაქციაა, თუმცა, ექიმები ვარაუდობენ, რომ პაციენტს ანიფილაქსიური შოკი განუვითარდა.
"სამწუხაროდ, 30 წუთში განვითარდა დაუყოვნებელი რეაქცია. ჩვენ ჯერ არ ვიცით, ეს იყო ალერგიული, თუ სხვა ტიპის რეაქცია. თუმცა, ექიმებთან წინასწარი საუბრით, გვეუბნებიან, რომ ჰგავდა ანაფილაქსიურ რეაქციას. მას ჩაუტარდა დაუყოვნებლივ, პროტოკოლით გათვალისწინებული სასწრაფო დახმარება, მაგრამ არ მოიხსნა ეს შოკი და მისი მდგომარეობა საყურადღებოა.
ავადმყოფის მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა და საჭირო გახდა მისი ინტუბირება და ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა. ამჟამად, ადგილზე ჩასულია მედიცინის ბრიგადა და ავადმყოფის გადაყვანა ხდება თბილისში.
პარალელურად, შემთხვევის მოკვლევა დაწყებულია სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ, პროცესში ჩართული არიან იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტის წევრები. ამ ეტაპზე, მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე ვერ ვისაუბრებთ, სანამ მოკვლევა სრულად არ დასრულდება,"-აცხადებს ამირან გამყრელიძე.