პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, 27 წლის ექთანს, რომელიც ვაქცინის შემდეგ კომაში ჩავარდა, ყველა საჭირო გამოკვლევა უტარდება.
ლევან რატიანის თქმით, ახალგაზრდა ექთნის შოკური მდგომარეობიდან გამოსაყვანად და მისი სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი მედიკოსების მიერ ყველაფერი გაკეთდება.
"ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე. მინდა გითხრათ, რომ ჩატარდა ყველა კვლევა, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული. მიმდინარეობს ასევე დამატებითი კვლევები და მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ ყველაფერი გაკეთდება ამ სიცოცხლის გადასარჩენად," - განაცხადა ლევან რატიანმა.
თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 27 წლის ექთნის მკურნალობის პროტოკოლზე იმსჯელეს.
კონსილიუმს, რომელსაც კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ექიმებთან ერთად მართავს, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მისი მოადგილე თამარ გაბუნიაც ესწრებიან.
შეგახსენებთ, ახალციხის რეგიონის "იმედის" კლინიკის ახალგაზრდა ექთნის მდგომარეობა, რომელიც AstraZeneca-ს პრეპარატით აცრის შემდეგ კომაში ჩავარდა კვლავ მძიმეა. ის რეგიონიდან თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კატასტროფის ბრიგადამ გადმოიყვანა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან პირველი სერიოზული გვერდითი რეაქციის გამოვლენის მიუხედავად ქვეყანაში AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაცია არ შეჩერდება.