კვლავ კრიტიკულად მძიმეა ახალციხეში ვაქცინირებული ექთნის მდგომარეობა, რომელსაც აცრის შემდეგ ანაფილაქისური შოკი განუვითარდა, თუმცა როგორც თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტუძელაძე ამბობს, ექიმებმა დღეს დილისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაციის მიღწევა შეძლეს.
"პაციენტი შემოსვლისას იყო უმძიმეს მდგომარეობაში. მოხდა ყველა კვლევის ჩატარება, ტვინის ფუნქციის განსაზღვრა. ტვინი ჯერ ცოცხალია, ვნახოთ შემდეგ 24 საათში. მძიმე მდგომარეობა იყო, გვიან საღამოსთვის მოხერხდა დასტაბილიზება და პაციენტი აყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. ღამე იყო საკმაოდ მძიმე. ამ დილისათვის მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა, ეს ნიშნავს რომ აპარატთან სინქრონშია, წნევა ხერხდება 3 მედიკამენტის მხარდაჭერით, მაქსიმალურ დოზებზეა, წამოვიდა ტემპერატურა. ამ დილისათვის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, კიდევ 24 საათში უნდა მოხდეს განმეორებით ღრმა კვლევების ჩატარება," - აცხადებს თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტუძელაძე.
შეგახსენებთ, ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებიდან დაახლოებით 30-40 წუთში კომაში ჩავარდა. მეგი ბაქრაძე თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ საღამოს კატასტროფის მედიცინის ბრიგადის ეკიპაჟმა ჩამოიყვანა.