04 სექტემბერი 2026,   08:17
ვრცლად
ახალგაზრდა მედდის გარდაცვალების საქმე - ადვოკატი ამტკიცებს, რომ საქმის მასალები არასრულია

მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ახალციხის კლინიკიდან მიწოდებული საქმის მასალები არასრულია. სწორედ ამ მიზნით ვახტანგ ბარამაშვილი პირადად მივიდა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის სამმართველოში.

ადვოკატის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების გამო სამართალდამცველები ამ თემაზე დაკავშირებას მას მოგვიანებით დაპირდნენ. ვინ არის მომხდარში დამნაშავე - ახალგაზრდა მედდის გარდაცვალების მიზეზებზე დასკვნა ექსპერტიზამ და შესაბამისმა კომისიამ უნდა დადოს.

"ოჯახს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, აუცილებლად კლინიკაა დამნაშავე, საუბარია ერთეული პირების შეცდომაზე, თუ საუბარია მთლიანად პროტოკოლზე," - აცხადებს ვახტანგ ბარამაშვილი.

შეგახსენებთ, 27 წლის მეგი ბაქრაძის მდგომარეობა 18 მარტს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ დამძიმდა, მას სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდა. ის მძიმე მდგომარეობაში ახალციხიდან თბილისში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს და მეგი ბაქრაძე 19 მარტს გარდაიცვალა.

დღის ამბები