06 სექტემბერი 2026,   17:50
ვრცლად
"ქართულ ოცნებას" მოუწევს აღიაროს, რომ სასამართლოს მართავს კლანი - არასამთავრობო სექტორი

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემაში ძირეული ცვლილებებისთვის აუცილებელია ხელისუფლებამ ე.წ. კლანის არსებობა აღიაროს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორის, გურამ იმნაძის განცხადებით, გამჭვირვალობის დონის გაძლიერება საკმარისი არ არის.

"ამ გავლენიან ჯგუფს, კლანს სასამართლოში კვლავაც შეეძლება გამჭვირვალე პროცედურებით, უკეთესი დასაბუთებით იგივე შინაარსის გადაწყვეტილებები მიიღოს.

ყველაზე მძიმე პრობლემა სწორედ ის არის, რომ ხელისუფლება დღემდე უარყოფის რეჟიმშია და გვარწმუნებს, რომ სასამართლო სწორი გზით ვითარდება. ამას მიუთითებს ისიც, რომ ეს რეფორმების 4 ტალღა წარმატების ჭრილში განიხილება, რაც აბსოლუტურად მცდარია და მოწყვეტილია რეალობას,"-აცხადებს ის. 

"ღია საზოგადოების ფონდის" ადამიანის უფლებების პროგრამის კოორდინატორის, სოფო ასათიანის განცხადებით, შემოთავაზებული რეფორმით "ქართული ოცნება" უცხოელი პარტნიორების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. 

"პირველ ეტაპზე, "ქართულ ოცნებას" მოუწევს აღიაროს, რომ სასამართლოს მართავს კლანი. ამგვარი აღიარების გარეშე ფრაგმენტული რეფორმები ამ წლების განმავლობაში ხშირად გვინახავს, რომელსაც რეალური შედეგები არ მოუტანია. ამას მოწმობს განხორციელებული 4 ტალღა რეფორმების, რომლის შედეგადაც სასამართლოში კვლავ გვყავს მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი. შესაბამისად, შემოთავაზებული ცვლილებებით, არსებითად არაფერი იცვლება. ეს კიდევ ერთი მცდელობაა, რომ შეცდომაში შეიყვანონ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, რომლებიც აქტიურად მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ განხორციელდეს ძირეული ცვლილებები, რომლეიც ბერკეტს გამოაცლის კლანის მართვას სასამართლო სისტემაში,"-აცხადებს ის. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი სასამართლო რეფორმაზე მუშაობას იწყებს. ცვლილებები კანონმდებლობაში 4 მიმართულებით განხორციელდება. მიზანი სასამართლო სისტემაში არსებული საკითხების, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესების გაუმჯობესებაა. უმრავლესობის განმარტებით, ინიციატივა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა. კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და 29 მარტს ბიუროს სხდომაზე გავა.

დღის ამბები