ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის მეუღლე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. მანუჩარ კობახიძე საგამოძიებო უწყებაში ინტერესების დაცველთან ერთად მივიდა. 27 წლის მედდის გარდაცვალების საქმეზე უკვე გამოიკითხნენ კლინიკა "იმედისა" და ადგილობრივი ტელეკომპანია "მეცხრე არხის" თანამშრომლებიც.
მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატს ვაქცინის მწარმოებელ კომპანია "ასტრაზენეკასთან"კომუნიკაცია ჰქონდა. მისი თქმით, კომპანია თანამშრომლობაზე მზაობას გამოხატავს:
"მივიღე წერილი "ასტრაზენეკასგან", რომელიც გამოხატავს მზაობას ჩაერთოს გამოძიებაში, ითხოვს ჩვენგან გარკვეულ დოკუმენტაციას, ეს არის, პირველ რიგში, ექსპერტიზის დასკვნა, ასევე ვაქცინის ამპულის ლოტის ნომერი. ეს ყველა ინფორმაცია გამოძიებას აქვს, კლინიკის დირექტორმა დაადასტურა, რომ გამოძიებას ამპულა ამოღებული აქვს, თუმცა გამომძიებელთან კომუნიკაციის დროს ჩვენ ამაზეც მივიღეთ უარყოფითი პასუხი, რომ ასეთი ამპულა ჯერჯერობით, ამოღებული არაა," - აცხადებს მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი.
მეორე ადვოკატის, ნინო ამაღლობელის თქმით, მათი მოთხოვნაა, რომ გამოძიება უფრო მეტად გამჭვირვალე იყოს და ოჯახის უფლებების დამცველებს მეტი წვდომა ჰქონდეთ საქმის მასალებთან.